ხოზიტა-მაირამი – ქართული ეკლესია ჩრდილოეთ ოსეთში (დვალეთში)

ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიცია 1951 წ. ზაფხულში ადგილზე გაეცნო ჩრდილო ოსეთის საკვლევ სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომლის პროფ. ლ.სემიონოვის მიერ მითითებულ ძეგლს, ეს არის “ხოზიტა–მაირამის“ სახელწოდებით ცნობილი ეკლესია. იგი მკვეთრად განსხვავდება ჩრდილო ოსეთის ყველა ძველი სამაროვანი, საკულტო და თავდაცვითი ხასიათის არქიტექტურული ნაგებობებისაგან, რომელთაც ღრმად თავისებური თვისებები აქვთ. მეორე მხრივ, ხოზიტა – მაირამი როგორც თავისი გეგმის გადაწყვეტით, ასევე ფორმებით, პროპორციებით, შემკულობითა და სამშენებლო ხერხებით, აშკარად ამჟღავნებს ქართული საშუალო საუკუნეების ხუროთმოძღვრების ნიშანდობლივ თვისებებს.

კამარაჩამოქცეულ ძეგლს ამჟამად შერჩენილი აქვს მხოლოდ აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლების უმეტესი ნაწილი. ჩრდილოეთის კედლიდან “დარჩა მხოლოდ აღმოსავლეთის ნაწილი აბსიდის მხრამდე, მისგან დასავლეთით კი მოკლე მონაკვეთიღაა – მიწის დონეზე. ჩრდილოეთის დანარჩენი ნაწილი და დასავლეთის კედელი მთლიანად ჩანგრეულია; ხოლო ქვები მდინარემდეა ჩაცვენილი.

ტაძრის ნანგრევების ანაზომის მიხედვით ადვილად ხერხდება გეგმის აღდგენა. იგი წარმოადგენს ცალნავიან ეკლესიას; მის სწორკუთხოვან მოხაზულობაში (7,8X13,3 მ) აღმოსავლეთით მოქცეულია ღრმა, ნახევარწრიული აბსიდი, რომელსაც ორსავ მხარეს მცირე ზომის სადგომები აქვს კედლის სისქეში, ორ სართულად. ყველა ეს, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, ოთხი სადგომი, სწორკუთხოვანი ხვრელობი-შესასვლელით უკავშირდება აბსიდს მეორე სართულში მოსახვედრად, როგორც ჩანს, მისადგმელი კიბით სარგებლობდნენ. ტაძრის აღმოსავლეთის სამი სარკმლიდან ორი განაპირა პირველი სართულის სადგომებს-სამკვეთლოსა და სადიაკვნეს აშუქებს. გეგმის გადაწყვეტის მიხედვით ხოზიტა–მაირამი ქართული ხურთმოძღვრების X და XI საუკუნის ისეთ დარბაზულ ძეგლთა შორის პოულობს ადგილს, როგორიცაა ოთხთა ეკლესია, დისევი, ზემო ყარაბულახი, ეხვევი. ხოზიტა-მაირამი ერთ ჯგუფს შეადგენს დასახელებულ ძეგლებთან თავისი საერთო ზომებითაც.

ამ  ძეგლთა გეგმების აღმოსავლეთი ნაწილი აგრეთვე გადაწყვეტილია მცირე სადგომების გამოყოფით აბსიდის ორსავე მხარეს. ამავე დროს ხოზიტა-მაირამის გეგმა რამდენადმე განსხვავდება ოთხთა ეკლესიისაგან: უკანასკნელში გვერდითი სადგომები აბსიდისაგან დამოუკიდებელია, ხოზიტა.მაირამში კი ისინი თვით აბსიდის კედლის სისქეში არიან მოქცეული და უშუალოდ უკავშირდებიან ეკლესიის საკურთხეველს. ამ მხრივ ხოზიტა-მაირამი მტკიცედ დგება დისევის ზ.ყარაბულახისა და, განსაკუთრებით, ეხვევის გვერდით. შიგნით ხოზიტა-მაირამის ეკლესია უხვად ნათდებოდა სამხრეთით სიმეტრიულად განლაგებული ორი სარკმლით და დასავლეთის კედელში მოთავსებული ერთი, შედარებით უფრო მაღალი, სარკმლით. ყველა სარკმელი გარეთკენ ვიწროვდება. ტაძარს ერთი შესასვლელი აქვს სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში. იგი გარედან სწორკუთხოვანია, შიგნიდან კი თაღოვანი. ტაძრის კედლები ამოყვანილია შიგა და გარეპირის ქვებსშორისო სივრცის დუღაბით ამოვსებით. შევსება წარმოებულია იმავე საშენი ქვის, კიროვანი შირიმის, ნამტვრევებით, უხვად მოხმარებულ კირის ხსნარზე. ეს ჩვეულებრივი ხერხია ქართული საკულტო შენობების აგებისა. ხუროთმოძღვრის ყურადღება კედლის სიბრტყისადმი არ ამოწურულა მხოლოდ კარგად გათლილი წესიერი კვადრების შერჩევით ან მოულოდნელად ვიწრო რიგის შეგნებული გამოყვანით წყობაში სამხრეთის ფასადის მთელ სიგრძეზე, სარკმელთა ქვედა მესამედის დონეზე.

ყურადღებას იპყრობს აქვე შესასვლელიდან მარჯვნივ, მესამე კვადრი. მისი მთელი ფართობი, ოთხი ან ხუთი რელიეფური ხაზით შედგენილი, ჭადრაკული წესით განლაგებული, სექციების სურათითაა დაფარული. ცალკეული კვადრის ანალოგიურ დამუშავებას კედლის წყობაში ადგილი აქვს რამდენიმე, ჩვენთვის ცნობილ, ქართულ ძეგლზე. ეს შენიშნულია XI საუკუნის პირველი ათეულის ძეგლებზე, როგორიცაა დარკვეთი და გორისჯვარი (საჩხერის რ-ნი). მორთულობის უახლოესი მსგავსება თავს იჩენს როგორც ჭადრაკულად განლაგებული სექციების სურათში, ასევე მათი დამუშავების ხერხშიაც. საერთოდ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ხოზიტა მაირამის ნაგებობაში საშუალო საუკუნეთა ქართული ხუროთმოძღვრებისათვის კარგად ცნობილი სამშენებლო წესები და ფორმებია გამოყენებული. ყურადღების ღირსია ისიც, რომ ძეგლისათვის გამოყენებული საშენი ქვის მასალა, მოყვითალო-მოყავისფრო კიროვანი შირიმი, არაა ადგილობრივი.