საუკუნეების განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში ქრისტიანობასთან ერთად ვრცელდებოდა ქართული ენა და ქართული დამწერლობა, დღეს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები სარგებლობენ კირილიცის ბაზაზე შექმნილი სლავური ანბანით, რაც მათი ბგერის ჟღერადობას საკმაოდ ჩამორჩება, ამის გამო უწევთ გამოიყენონ რამდენიმე ასოთშეთანხმება და უფრო გაართულონ ანბანი. ქართული ანბანის შემთხვევაში კი უფრო მარტივად იყო საქმე და ეს დაღესტანში აღმოჩენილი ქართული წარწერების საფუძველზეც შეგვიძლია დავინახოთ.
გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან აქტიურად დაიწყო ჩრდილოეთ კავკასიის ქრისტიანული არქიტექტურის კვლევა, სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა რამდენიმე არქეოლოგიური ექსპედიცია, რამაც გამოავლინა ძალიან ბევრი არტეფაქტი და მეცნიერებმა დაიწყეს მათი კვლევა.
ხუნძახის ჩრდილოეთით სოფელ ჰალაში 1949 წელს აღმოჩნდა წარწერა, რომელიც შესრულებულია ქვის ფილაზე. ქვის წინდა მხარის შუაში ღრმა ჩაღარვით გამოყვანილია ჯვარი. ჯვრის სიმაღლე 14, 5 სმ, გარდიგარდმო ფრთის სიგრძე 9, 4 სმ, სიგანე 1, 4 სმ.
წარწერა შესრულებულია ნარევი მრგვლოვანი და ნუსხური დამწერლობით და იკითხება: ,,ჯოÂარი ქრისტÀსი ოÂფალო განუსვენე სულსა ჩახუტისსა”. წარწერაში მოხსენიებულია საკუთარი სახელი ჩახუტი, რომლის მოხსენებასაც შესთხოვენ უფალს. წარწერის შინაარსის მიხედვით იგი საფლავის წარწერაა.
უფრო საყურადღებოა მეორე წარწერა, ქვის ჯვარი, რომელიც ნაპოვნია 1950 წელს ხუნძახთან ახლოს, სადაც წინათ ქრისტიანული სასაფლაო უნდა ყოფილიყო.
ჯვარი გამოკვეთილია კირქვისაგან. სიმაღლე 14 სმ-ია, გარდიგარდმო ფრთის სიგრძე 10 სმ, სისქე დაახლოებით 4 სმ. წარწერა შესრულებულია მრგვლოვანისა და ნუსხურის ნარევით. წარწერა აქაც ჩაღარვითაა გაკეთებული. ჯვარს კიდეებზე უვლის არშია, ცენტრში კი მრგვალი ორნამენტია გამოყვანილი. წარწერა ასე იკითხება: ,,ჯოვარი ქრისტესი, წმიდაო ათორმეტნო მოციქულნო შეიწყალე ერისთავი ბერიტა, თიმალატაწობეგ ამინ უფალო”. სიტყვა ,,თიმალატაწობეგ” ხუნძურია და ნიშნავს შეიწყალე ბავშვები.
ამრიგად, ეს წარწერა ორენოვანია, სავარაუდოდ ის XIV საუკუნეზე გვიანდელი არ უნდა იყოს.
ქართული და ქართულ-ხუნძური წარწერები, რომლებიც დაღესტნის მთიანი რაიონებიდან ვლინდება, მრავალმხრივაა საინტერესო. იგი მნიშვნელოვანია დაღესტნის ხალხთა ისტორიის ზოგი საკითხის გასარკვევად. იგი საყურადღებოა ხუნძური ენის ისტორიის თვალსაზრისით, რადგანაც საქმე ეხება ხუნძური ენის ფიქსირების უძველეს შემთხვევას. აგრეთვე ეს წარწერები საინტერესოა საქართველო-დაღესტნის კულტურული ურთიერთობის მხრივაც.
ქართულ-ხუნძური კიდევ ერთი წარწერის შესახებ წერს არნოლდ ჩიქობავა, წარწერა ამოკვეთილია თეთრი თლილი ქვის ჯვარზე, რომელიც ინახება დაღესტნის ცენტრალურ მუზეუმში მახაჩკალაში.
ჯვარი პატარაა, სიმაღლე 22 სმ, სიგანე 17 სმ, სამივე ფრთა სამწევრიანია, წარწერა 11 სტრიქონს შეიცავს: შესრულებულია ასომთავრულით და ნუსხურით. წარწერა იკითხება ასე: ,,ჯოვარი ქრისტე, შეიწყალე თეოდორე წმიდაო თეოდორე. წმიდაო სარკელი წობთეგ”.