სოფელ თლის ეკლესია მდინარე არდონის ხეობაში მდებარეობს, ძეგლი დღევანდელ ჩრდილოეთ ოსეთში ისტორიული დვალეთის ტერიტორიაზეა. მის შესახებ პირველად ცნობებს 1953 წლის ექსპედიციიდან ვიგებთ, იმ პერიოდისთვის ძეგლი ნახევრად დანგრეული იყო.
ეკლესია აგებულია შედარებით სწორ მოედანზე, რომელიც სამხრეთით ხრამისკენაა გაშლილი. ნაგებობის დიდი ნაწილი დანგრეულია, კამარა ჩამოქცეულია, ქვების ნაწილი ეკლესიის ირგვლივაა დაყრილი, ნაწილი კი გაძარცულია. მთელ პერიმეტრზე შემორჩენილია დაზიანებული კედლები, რომელნიც არსად არ აღწევენ სრულ სიმაღლეს. ძეგლი წარმოადგენს დარბაზულ ეკლესიას მინაშენის კვალით სამხრეთის ფასადის მთელ სიგრძეზე. ეკლესიას სავსებით მოხერხებული მისადგომები აქვს ყველა მხრიდან, ხოლო მთავარი გზა ჩრდილოეთითაა, მშენებელმა შესასვლელის მოწყობისათვის უპირატესობა სამხრეთის ფასადს მიანიჭა. ამგვარი მხატვრული მიდგომა საკულტო ნაგებობათა შესასვლელის მოწყობის საკითხისადმი ნიშანდობლივია ქართული ხუროთმოძღვრებისათვის.
ეკლესიაში შესვლისთანავე, უკვე შერჩენილი კედლის ფრაგმენტების მიხედვითაც წარმოგვიდგება მშვიდი, მარტივად გაფორმებული შინაგანი სივრცე – ტიპიური განვითარებული შუასაუკუნეების ქართული დარბაზული ეკლესიებისათვის. ნახევარწრიული ფართო აბსიდი ჩვეულებისამებრ მხრებითაა გამოყოფილი; ნავი გრძივად ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი ორსაფეხურიანი პილასტრებით, რომელთა შესაბამისად აბსიდის მხრებთან კუთხის პილასტრებია, ხოლო დასავლეთის კედელთან ორსაფეხურიანი კუთხის პილასტრები. ხუროთმოძღვრულ ელემენტთა აღნიშნული ფრაგმენტები მოწმობს, რომ პილასტრები გათვალისწინებული ყოფილა როგორც კამარის თაღების საბრჯენად, ასევე სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლის თაღების საბრჯენადაც. ინტერიერის სურათს ავსებს აბსიდის ნიშები. სიღრმეში გაგანიერებულ ნიშებს გეგმაში ტრაპეციული მოხაზულობა აქვთ. შედარებით უკეთესადაა შემონახული სამხრეთის ნიში. მისი მარჯვენა კიდის შემორჩენილი არასრული (1,5 მ) სიმაღლეც კი უკვე გვიჩვენებს, რომ ნიშები მაღალი ყოფილა. პრინციპულად ანალოგიური ორგანიზაცია აბსიდისა – ნიშებით საკურთხევლის სარკმლის ორსავე მხარეს – არაერთხელ გვხვდება ქართულ ხუროთმოძღვრებაში: იხ. მაგალითად: „დიღმის წმ.გიორგი“ (XI ს. პირველი მეოთხედი); პატარა ონი (XI ს. პირველი ნახ.); სავანე (XI ს. შუა წლები), და სხვ.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს თლის შესასვლელის მორთულობა გარედან. აქ შემორჩენილია დეკორატიული გაფორმების ფრაგმენტები, რომელნიც საფუძველს გვაძლევს მორთულობის თავდაპირველი ფორმების აღსადგენად. იგი შედგებოდა საპირისა და მასზე მჭიდროდ დასმულ, ჰორიზონტული გადანაკეცების მქონე, ნახევარწრიულ სათაურისგან. ამ გაფორმებიდან ადგილზე შემონახულია სათაურის ფრაგმენტი მარცხენა გადანაკეცით და საპირეები შესასვლელის კიდეებზე. მარცხენა საპირე, რომელიც სათაურის რკალშია შებჯენილი გადანაკეცის დასაწყისის ზემოთ, მოწმობს, რომ საპირე ზემოთა ნაწილში სათაურის კონტურს მისდევდა. როგორც საპირე, ასევე სათაურიც სამ პარალელურ ლილვადაა დაყოფილი. შესასვლელის დამუშავების ეს კომპოზიცია კანონზომიერად ჩამოყალიბდა სარკმლისა და შესასვლელის მორთულობათა განვითარების გარკვეულ საფეხურზე ქართულ ხუროთმოძღვრებაში. სარკმლის ხვრელობის დამაგვირგვინებელი, გადანაკეცების მქონე სათაური შესასვლელის გაფორმებაშიც მეორდება.
დღევანდელი მდგომარეობით, ეკლესია ისევე როგორც მთელი ხეობა მიტოვებულია, ძეგლი გარშემო დაფარულია ხშირი, თითქმის გაუვალი ბალახით. შორიდან არ ჩანს, მხოლოდ ახლოს მისვლით და დაკვირვებნით შეიძლება მისი შემჩნევა. პარალელების მიხედვით, რომელიც შეიძლება გავავლოთ ხოზიტა მაირამთან და სხვა X-XI საუკუნეების ძეგლებთან, თლის ეკლესია შეგვიძლია ამავე პერიოდით დავათარიღოთ. თუმცა ძეგლი ჯერ კიდევ საჭიროებს საფუძვლიან შესწავლას, რომელიც სამომავლოდ განხორციელდება.