ტყობა – ერდი

ქართველი და ინგუში ხალხის ურთიერთობა საუკუნეებს მოიცავს, ეს ურთიერთობა დღემდე გრძელდება და საკმაოდ მჭიდრო კავშირით არის დაკავშირებული ეს ორი ხალხი ერთმანეთთან.

კულტურული თვალსაზრისით ინგუშეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი დღევანდელი ჯეირახის რეგიონში შემორჩენილია რამდენიმე ქრისტიანული ეკლესია, რომელთა მშენებლობა საქართველოს უკავშირდება, მათ შორის გამორჩეული და განსაკუთრებულია ტყობა-ერდი, რომლის შესახებაც ქართული საზოგაოება გარკვეულწილად ინფორმირებულია.

პირველი ცნობები ამ უნიკალური ქრისტიანული ეკლესიის შესახებ ეკუთვნის რუსეთის არმიის კვარტირმეისტერს შტედერს, რომელმაც 1781 წელს აზომა და აღწერა ის. შემდეგშიც არაერთი მკვლევარი დაინტერესდა ამ ძეგლით, მათ შორის დიმიტრი ბაქრაძე, გიორგი ჩუბინაშვილი, გივი ღამბაშიძე. 1941 წელს ძეგლის შესწავლა დაიწყო აკად. გიორგი ჩუბინაშვილმა, რომელმაც მოგვცა ტყობა-ერდის ხუროთმოძღვრული ძეგლის ზუსტი მეცნიერული ანალიზი.

ეკლესია შეიცავს მშენებლობის სხვადასხვა პერიოდის ნიშნებს, რაც იმის მაუწყებელია, რომ ტყობა-ერდს თავისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე არაერთგზის ნგრევა, აღდგენა და გადაკეთება განუცდია. მის მშენებლობაში გამოყოფენ სამ ძირითად ეტაპს: მშენებლობის პირველი პერიოდი მიეკუთვნება, არსებული საკურთხევლის იატაკის დონეზე აღმოჩენილ ადრინდელი ეკლესიის საკურთხევლის საძირკველს, რომელიც VIII-IX საუკუნეებით თარიღდება, IX საუკუნისათვის ტაძარი ძლიერ დაზიანებულა. ძეგლის მშენებლობის მეორე პერიოდი თარიღდება X-XI საუკუნეებით, რასაც ძეგლზე შემონახული წარწერაც ადასტურებს, ასევე ამ ეპოქისათვის დამახასიათებელი ქართული ხუროთმოძღვრების სხვადასხვა ნიშნების – კედლების წყობის შესრულების მანერის, ორნამენტაციისა და სხვათა მიხედვით. მესამე პერიოდს განეკუთვნება XV-XVI საუკუნეები, ამ დროისათვის ძეგლს ჩამონგრეული ჰქონია ჩრდილოეთის და სამხრეთის ნაწილები.

ტყობა-ერდის ტაძრის სახელწოდებასთან დაკავშირებით, საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული გივი ღამბაშიძეს, ის ეკლესიის სახელს ასე განმარტავს: ,,ერდი ითარგმნება, როგორც ღმერთი, სული, წმინდა, ხოლო ტყობა (თობა) დაკავშირებულია წმინდა თომა მოციქულის სახელთან ანუ თომაწმინდა, რომელმაც შემდეგ პერიოდში სახეცვლილება განიცადა, საქართველოში მრავლად არის წმინდანთან დაკავშირებული ტოპონიმები გიორგიწმინდა, ელიაწმინდა, ნინოწმინდა და სხვა. გივი ღამბაშიძის განმარტებით ტყობა-ერდი უნდა ყოფილიყო ძველი თომა-ერდი, ანუ იგივე წმინდა თომას ეკლესია. რუსული წყაროების მიხედვით თომა მოციქულს საქართველოში უქადაგია, შესაძლებელია ტყობა-ერდი მართლაც იყოს დაკავშირებული თომა მოციქულის სახელთან.

ტყობა-ერდის ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი სამეკლესიანი ბაზილიკაა გარშემოსავლელით სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ცენრალური და ჩრდილოეთის ეკლესიების საკურთხევლები ,,დარბაზიდან” საფეხურებით იყო ამაღლებული, ეკლესიაში სამი მხრიდან იყო შესასვლელი.

ადრე შუა საუკუნეებში საქართველოში შემუშავდა ბაზილიკის თავისებური ვარიანტი, რომელსაც ქართველმა მეცნიერებმა ,,სამეკლესიიანი ბაზილიკა” უწოდეს. გარედან თავისი ,,პროფილით”, იგი არ განსხვავდება ჩვეულებრივი სამნავიანი ბაზილიკისაგან, მაგრამ შიგნით ნავები ბოძებით კი არ არის გამოყოფილი, არამედ კედლებითაა გათიშული, ე.ი. არსებითად, აქ ერთ შენობაში გაერთიანებულია სამი დამოუკიდებელი სამლოცველო.

ტყობა-ერდის ტაძრის არქეოლოგიური შესწავლისას აღმოჩნდა რამდენიმე ეპიგრაფიკული ძეგლი. ასომთავრულით ნაწერი ქვები ოდესღაც ეკლესიის სხვადასხვა ადგილას ყოფილა ჩაშენებული. ორი წარწერა XX საუკუნის დამდეგს გადაიტანეს გროზნოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. წარწერაზე ასეთი ტექსტი იკითხება: ,,ქრისტე ადიდე აღმოსავლეთისა პატრიარქი მელქისედეკ, ამინ”, მეორე წარწერა კი ასე იკითხება: ,,მოიხსენე სული გიორგი ეპისკოპოსისა”. როგორც ჩანს, წარწერაში ნახსენები პატრიარქი XI საუკუნის I მესამედის მოღვაწე სვეტიცხოვლის მშენებლობის ხელმძღვანელი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მელქისედეკ I უნდა იყოს. მელქისედეკი არის საქართველოს პირველი კათოლიკოს პატრიარქი, რომელიც მოიხსენიება წერილობით წყაროებში.

არქეოლოგიური მუშაობისას აღმოჩნდა კიდევ ორი წარწერა:

1. ,,სახელითა ღმრთისაითა შემიწყალე”,

2. ,,სახელითა წმიდა გიორგისითა, მე, გიორგი ეპისკოპოსმან”,

3. ,,ქრისტე შეიწყალე მრღვფი” მეოთხე წარწერა არ იკითხება.

გარდა აღმოჩენილი წარწერებისა არის კიდევ ერთი წარწერა, რომელიც მილერის მიერ არის აღმოჩენილი: ,,ქრისტე შეუნდვენ არსენს, მ”. წარწერა პალეოგრაფიულად X საუკუნის II ნახევრით თარიღდება.

თეიმურაზ ბატონიშვილი წერდა, რომ თემურ-ლენგის შემოსევებამდე ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობა ქართულ ენაზე ლაპარაკობდა. როგორც ჩანს ინგუშეთში ქართული ენა ფართოდ ყოფილა გავრცელებული, თუმცა შემდგომში მისი განვითარება ვერ მოხდა. XV საუკუნის შემდეგ ინგუშეთში ქართული ენის კვალი იკარგება.