შოანის ტაძრის მოშრებით, დაახლოებით 25 კილომეტრში, დგას სენტის ტაძარი, რომელიც მდებარეობს მდინარე თებერდას სანაპიროზე და ატარებს სოფლის სახელწოდებას. ტაძარი დგას შემაღლებულ ადგილას, გორაკზე. ადგილობრივთა გადმოცემით, სენტი ეწოდებოდა ქვის ძეგლს, რომელსაც ადამიანის გამოსახულება ჰქონდა და ინახებოდა მონასტერში. სენტი ქართული სვეტის იდენტური უნდა იყოს. ტაძარი მეცნიერულად პირველად შეისწავლა გერმანელმა არქიტექტორმა ბერნადაცმა, გენერალ ემანუელის დავალებით, 1829 წელს. სენტი რომ სვეტს ნიშნავს ამას აღნიშნავს დიაჩკოვ-ტარასოვაც, რომელმაც ასევე შეისწავლა ტაძარი, ,,სენტი როგორც ქართული სვეტი, ქართველებმა შემოიტანეს აქ ქრისტიანობა და ის სიწმინდეები, რომელიც შემდეგ გავრცელდა ადგილობრივ მოსახლეობაში“.
სენტი თავისუფალი ჯვრის ტიპის ეკლესიაა, სამი მინაშენით – დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთის მხრით. იგი აგებულია თლილი მოწითალო ქვიშაქვით, აგური მშენებლობისთვის გამოყენებული არ არის, ინტერიერი არ არის დაყოფილი. ეკლესის აფსიდი ნახევარწრიულია და ძირითადი ნაწილისგან გამოიყოფა დაახლოებით 2 მეტრით. აქვს ნართექსი, გუმბათის ყელი კი კონუსისებრი და წრიული ფორმისაა. სამივე შესასვლელ კარს თავზე ნახევარწრიული სარკმელი აქვს. აღმოსავლეთით საკურთხევლის აფსიდი გადახურულია კონქით, მისი სამი სარკმელი გადახურულია ბლოკებით, რომლებიც გამოჭრილია თაღის ფორმებზე და ქმნიან არქივოლტს. ფასადის კედლები მთავრდება უბრალო კარნიზებით, ძველად ეკლესია შეთეთრებული ყოფილა და სახურავი დახურული იყო კრამიტით.
ეკლესია მოხატულია, ფრესკები განლაგებულია ორ იარუსზე, ზედა იარუსი გამოყოფილია ქვედასგან ორი სწორი პარალელური ხაზით, რომელთა შორის მოთავსებულია სპირალური ორნამენტი, მოხატულობაში ძირითადად წითელი და ლურჯი ფერები ჭარბობს.
საკურთხევლის ცენტრალური ნაწილი ეკავა ღვთისმშობლის გამოსახულებას ორანტის პოზაში. სამწუხაროდ, დღეს ეს გამოსახულება მთლიანად მოხსნილია საკურთხევლიდან და, სავარაუდოდ, დაკარგულია. მარჯვენა მხარეს, მეომარი – ჯავშნით და შუბით, ცნობილი საკურთხევლის მცველები, შემდეგ წმინდა მამების ოთხი გამოსახულება ბიბლიიდან.
დასავლეთის მარჯვენა კედელზე ზედა იარუსზე გამოსახულია იერუსალიმში შესვლის სცენა, ქვემო იარუსზე წმინდა მამები, ერთ-ერთ მათგანს ხელში ბიბლია უნდა სჭეროდა. სამხრეთი კედლის ზედა იარუსზე ორი სცენაა გამოსახული, მარჯვნივ ფერისცვალება და მარცხნივ მეომარი შუბით.
ფრესკებს შორის გვხვდება წარწერა, რომელის საშუალებითაც ხდება ტაძრის დათარიღება 965 წელი. წარწერაში მოხსენიებულია ნიკიფორე ბიზანტიის იმპერატორი და დავითი და მარია, ალანეთის მმართველები (ექსერიოკრატორები). თუმცა მათი ვინაობა დაზუსტებული არაა სამეცნიერო ლიტერატურაში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს წარწერა დაკარგულია და მისი პოვნა დღეისთვის შეუძლებელია, აქედან გამომდინარე მსჯელობა და საუბარი ამ წარწერის შესახებ გვიწევს იმ ავტორებზე დაყრდნობით, რომლებმაც ის ნახეს და შეისწავლეს.