სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მეორე მეჩეთი რუსეთში მდებარეობს დაღესტანში, თუმცა შუა საუკუნეებში ვიდრე იქ ისლამი გავრცელდებოდა ქრისტიანული ქვეყანა იყო. ცენტრალური და მთიანი დაღესტანი ისტორიულად ყოველთვის დაკავშირებული იყო საქართველოსთან…
ქართული და არაბული წერილობითი წყაროების მიხედვით დაღესტანში, კერძოდ კი ავარეთში ქრისტიქანობა VII საუკუნიდან XVI საუკუნემდე იყო გავრცელებული. გიორგი V ბრწყინვალესა და კათოლიკოსის ექვთიმე III ეპოქაში მთიანი დაღესტნის ტერიტორიაზე სამი საეპისკოპოსო (ხუნძახის, ანწუხის და წახურის) სახელდება. გამოთქმულია მოსაზრება, რომ დაღესტანი იყო ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სამიტროპოლიტო. მეფე დემეტრე II თავდადებულის დროს დაღესტანში მისიონერულ საქმიანობას ეწევა პიმენ სალოსი, რომლის შესახებაც მოგვითხრობს ჟამთაღმწერელი – ,,ხოლო ამათვე ჟამთა ბრწყინავდა პიმენ სალოსი, რომელი გარეჯით წარმოვიდა და დაემკვიდრა ბელაქანსა, ქუაბსა რასმე, რომელმან ნათესავი ლეკთა წარმართობისაგან მოაქცივნა, რომელნი ჰგიან სარწმუნოებასა ქრისტესა’’. დაღესტანში ქართული ქრისტიანობის გავლენის შესახებ წერს გერმანელი მოგზაური გიულდენშტედტი.
აქ აღმოჩენილია ქართულენოვანი წარწერები, მათი ნაწილი კი _ შესრულებილი ქართულ და ხუნძურ ენებზე, ზოგი X-XI საუკუნით თარიღდება, ზოგიც უფრო გვიანი ხანით. ეს კი დაღესტანში ქართული ენისა და დამწერლობის ფართო გავრცელებაზე მეტყველებს. წერილობით ძეგლებს შორის აღსანიშნავია ნუსხურით შესრულებული ლიტურგიკული ხასიათის ხელნაწერის ტექსტის ფრაგმენტები XVI საუკუნის II ნახევრით დათარიღებული.
ქრისტიანობამ დაღესტანში გავრცელება დაიწყო VII საუკუნიდან, პროფ. მაგომედოვი ამ პერიოდის ოთხ სამლოცველოს ასახელებს ავარეთში. თუმცა არც ერთი მათგანი სრული სახით არ არის შემორჩენილი, არც მათი სახელები ვიცით, დარჩენილია მხოლოდ საძირკველი.
ერთადერთი ეკლესია, რომელიც ჩვენამდეა მოღწეული მდებარეობს, ავარეთის, ყოისუს ხეობაში, სოფელ დათუნასთან, საიდანაც მოდის მისი სახელწოდება დათუნას ეკლესია. ეკლესია დარბაზული ტიპისაა.
დათუნას ეკლესიისადმი ისევე როგორც სხვა დაღესტნური და ჩრდილო კავკასიაში არსებული ქრისტიანული ეკლესიებისადმი ადგილობრივი მოსახლეობა მოწიწებით და რიდით არის გამსჭვალული. გადმოცემის მიხედვით ეკლესიის ირგვლივ სოფლებში ქართველები ყოფილან დასახლებულნი. კავკასიური ომების დროს ეკლესიის ეზო მეამბოხე მთიელთა შეკრების ადგილი ყოფილა.