საქართველოს მოსაზღვრე ერთ ერთი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკაა ყარაჩაი-ჩერქეზეთი, რომელის ტერიტორიაზეც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა მოდგმის ხალხი სახლობდა. ეს ტერიტორია უშუალოდ ემეზობლება სვანეთის მხარეს ჩრდილოეთის მხრიდან. ჩრდილო კავკასიის სხვა რესპუბლიკებისგან განსხვავებით აქ შემორჩენილია რამდენიმე გუმბათიანი ეკლესია, მათ შორის კი ერთ ერთია სწორედ შოანა, რომელზეც მოგითხრობთ წარმოდგენილ სტატიაში.
შოანას ტაძარი მდებარეობს მდ. ყუბანის მარცხენა სანაპიროზე, კარაჩაევსკის ჩრდილოეთით 7 კმ-ზე, ამავე სახელწოდების მთა შოანაზე. ტაძარი წმინდა გიორგი სახელობისაა და, სავარაუდოდ, X საუკუნით შეიძლება დათარიღდეს.
დასავლეთ საქართველო ყოველთვის იყო ბიზანტიის იმპერიის ყურადღების ცენტრში, მათ შორის კი გამორჩეულად ეგრის-აფხაზეთის სამეფო, ამ სამეფოს გავლით ბიზანტია კავკასიის ჩრდილოეთით მცხორებ ხალხსაც უკავშირდებოდა. ბიზანტიურ წყაროებში შემორჩენილია კონსტანტინეპოლის პატრიარქის ნიკოლოზ მისტიკოსის წერილი, რომელიც მან მისწერა ეგრის-აფხაზეთის მეფე გიორგი II-ს (922-957): ,,შენმა ღვთისმოსავობამ და უმწიკვლო ქცევამ აღგვიძრა სიყვარული შენდამი, შენი ღვთისმოსავობის საბუთია ღვთისნიერი სწრაფვა, რომელიც გამოიჩინე ალანთა ტომის მიმართ, განანათლე ალანთა მმართველი და ყველა მასთან ერთად, ვინც ღირსი გახდა წმინდა ნათლისღებისა”. ამ წერილის მიხედვით, აშკარაა მეფე გიორგის ღვაწლი ალანთა გაქრისტიანების საქმეში. ამ დროს ალანები სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე სახლობდნენ ქართველებთან, კერძოდ სვანებთან, ერთად. გიორგი II-ის შემდეგ მისი გზა გააგრძელა მისმავე ვაჟმა ლეონ III-მ.
ტერიტორია სადაც დგას შოანას ეკლესია საუკუნეების განმავლობაში ქართველებით, კერძოდ კი სვანებით იყო დასახლებული. მდინარეების ყუბანის და ბაქსანის, ჩეგემის, ჩერეკის და სხვა სათავეების მნიშვნელოვანი ნაწილი, კერძოდ ყარაჩაის მხრიდან _ ლაბგვიარი (ახლანდელი ულუ კამის ხეობა) და ყაბარდოს მხრიდან _ თეგენი, XIX საუკუნის პირველ ნახევარში, (1834 წლამდე) სვანეთის სამთავროში შედიოდა, რისთვისაც სვანები იღებდნენ სათანადო გადასახადს იქ დასახლებული ყაბარდო-ბალყარელებისაგან.
წერილობითი წყაროებითაც დასტურდება, რომ 1834 წლამდე საქართველოს (სვანეთის სამთავროს და ზოგიერთ სვანურ თემს) ეკუთვნოდა შედარებით ვრცელი მიწები მდ. თერგის, ყუბანისა და ბაქსანის სათავეებთან. დადეშქელიანები სვანეთის სამთავროს უკიდურეს ჩრდილოეთ პუნქტს _ ურუსბიევოს თავიანთ საკუთრებად თვლიდნენ და სივრცეს იალბუზიდან მოყოლებული ვიდრე ჩეგემამდე საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევდნენ. 1834 წელს ბარონ როზენის მიერ სვანეთში საზღვრების აღსაწერად გაგზავნილმა სამხედრო მოხელე შახოვსკიმ სვანეთის სამთავროს ყოველი მხრიდან ჩამოაჭრა ტერიტორიები.
სვანეთის მთავრის ქვრივი დიგორხან დადეშქელიანი-გარდაფხაძისა, რომლის ტიტულატურა იყო ,,მბრძანებელი ბაქსანის მდინარის სათავისა, ყუბანისა, დალისა და ანგურისა” დიდი ხნის მანძილზე ითხოვდა ისტორიული სამართლიანობის აღდგენას. არქივში დაცულია მისი წერილი ბარონ როზენისადმი, სადაც აღწერილია სვანეთის ტერიტორიების ჩამოჭრის ისტორია.
X_XII საუკუნეებში ყუბანის სათავეებთან სვანთა დასახლების ერთი საყურადღებო ფაქტია მოხსენიებული ბერძენი ავტორების მიერ. ეს ეხება იქ მდებარე ისეთ ქალაქებს, როგორიც იყო ფუსტი და სხემირისი. ფუსტი, როგორც სამლოცველო, დღესაც არის სვანეთში. სხუმარისი იგივე ,,ცხუმისი” უნდა იყოს, რაც სვანურად რცხილნარს ნიშნავს.
როგორც აღვნიშნეთ, შოანას ეკლესია არის შოანას მთაზე. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია ცნობილი ოსები მთასაც და მონასტერსაც შონს ეძახიან და არა შოანას, ისინი მხოლოდ ლოცვის დროს იტყვიან ხოლმე: ,,შოან უასთირჯი” (უასთირჯი ოსურად წმინდა გიორგის ნიშნავს). ეს ტერმინი ძველირანულ პერიოდს განეკუთვნება და ღვთაებას, ღვთაებრივ წმინდანს ნიშნავს. ასე რომ, ,,შოან უასთირჯი” სვანეთის წმინდა გიორგია, რადგან ,,შოან” სვანურ ენაზე ,,სვანეთს” ნიშნავს, ოსებისთვის კი ეს ტერმინი გაუგებარია.
ამრიგად, ტერიტორია, სადაც შოანას ტაძარი მდებარეობს, საუკუნეების განმავლობაში ქართველთა საკუთრებას წარმოადგენდა, სადაც დასახლებული იყო ქართული მოსახლეობა. დროთა განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე ალანები, ჩერქეზები და ყაბარდოელები დასახლდნენ, რამაც გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის ასიმილაცია ამ ხალხთან. დღეს მათ შესახებ მხოლოდ ტოპონიმებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ყუბანისა და ბაქსანის ტერიტორიაზე სვანთა დასახლებამ თავისი კვალი დატოვა ისეთი ტოპონიმების სახით, როგორიცაა: ,,უშკულანი” _ უშგული, ხუმარა _ ცხუმარა, სხუმარა; ლაშკუთ _ ლაშხეთი. უშგული, ცხუმარა და ლაშხეთი დღევანდელ სვანურში მოქმედი ტოპონიმებია, ხოლო უშკულანი და ხუმარა ყუბანის სათავეებთან, ლაშკუთი კი მდ. ბაქსანთან.
ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ შუანას ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის მსგავსებას ,,აფხაზური ჯგუფის” ეკლესიებთან, კერძოდ სოფლების _ ლოოს, ბზიფის, ლიხნეს, ბიჭვინთის, ანაკოფიის, ახალი _ ათონის, მოქვის ეკლესიებთან. ყველა ეს ტაძარი X_XI საუკუნეებშია აგებული.
ტაძრის შესწავლისას აღმოჩენილია წარწერა, რომელიც სამწუხაროდ დღეს დაკარგულია, მასზე მოხსენიებულია მეფე ლეონი, მკვლევართა ნაწილი მას ბიზანტიის იმპერატორ ლეონად მიიჩნევს, თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ ეს იყოს ლეონ III აფხაზთა მეფე (957-967), მისი მოღვაწეობა საოცრად ემთხვევა მკვლევარების მიერ ტაძრის დათარიღებას X საუკუნით.