ფოცხოვის ხეობა

შესავალი

    ფოცხოვის ხეობა, მესხეთის ერთ-ერთი მხარის - სამცხის შემადგენლობაში შედიოდა და სტრატეგიულად ხელსაყრელი და მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სამცხის ტერიტორიისა. ძირითადად ეს ხეობა იყო დამაკავშირებელი და აქ გაივლიდა ის მნიშვნელოვანი ისტორიული გზები, რომლებიც არა მარტო სამცხეს, არამედ მთლიანად საქართველოს ისტორიული მეხეთის სხვა დანარჩენ კუთხეებთან აკავშირებდა. გარდა ამისა ამ ხეობასთან დაკავშირებულია ისტორიიდან ცნობილი არაერთი ბრძოლა და მოვლენა და რაც მთავარია, ამ ხეობიდან წამოვიდა ჩვენთვის ყველასათვის კარგად ცნობილი ფეოდალური საგვარეულო – ჯაყელები, რომლებიც არა მარტო ამ ხეობას, არამედ მთლიანად მესხეთს დიდი ხნის განმავლობაში განაგებდნენ. 
    დღესდღეობით ეს ხეობა თურქეთ-საქართველოს საზღვრით ორ ნაწილად არის გაყოფილი. ხეობის ზემო წელი თურქეთის ტერიტორიის ფარგლებშია მოქცეული, ხოლო ქვემო ნაწილი საქართველოს ტერიტორიაში შედის. ჩვენ საკვლევ ობიექტს ხეობის სწორედ ის არეალი შეადგენს, რომელიც ამჟამად თურქეთში არის მოქცეული.  
    ხეობის ის არეალი, რომელზედაც ჩვენ შემდგომ თავებში გვექნება საუბარი, ისტორიულად გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს წარმოადგენდა. კერძოდ, XVI ს-ის ბოლოს, როდესაც ოსმალებმა სამცხე-საათაბაგო დაიკავს და ახალციხის(ანუ ჩილდირის) საფაშო დააარსეს, მათ დაპყრობილი ტერიტორია 8 სანჯაყად ანუ ლივად დაყვეს, რომელთაგან ერთ-ერთს ფოცხოვის ლივა(სანჯაყი) წარმოადგენდა. შემდგომ უკვე XIX საუკუნეში რუსების მიერ ეს ტერიტორია ფოცხოვის უბნად იწოდებოდა. სწორედ ესეც გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ხეობის ეს ნაწილი შეგვესწავლა, როგორც ერთი მთლიანი ტერიტორიული ერთეული.
    გარდა ამისა ამ ხეობაზე და აქ არსებული მატერიალური კულტურის ძეგლებზე ინფორმაცია გაბნეული იყო იმ მოგზაურთა, არქეოლოგთა და მკვლევართა ჩანაწერებში, რომლებმაც აქ XIX-XX საუკუნეტა მიჯნაზე იმოგზაურეს, თუმცა მათ მიერ შეგროვებული და მოძიებული მასალა მწირი და უფრო აღწერილობითი ხასიათისა იყო. ამ ნაშრომში შეძლებისდაგვარად თავი მოვუყარეთ და შევაჯერეთ ჩვენს ხელთ არსებულ თითქმის ყველა ინფორმაციას ამ ხეობის შესახებ. ამან საშუალება მოგვცა უფრო უკეთ და დაწვრილებით, გამოგვეკვლია, აღგვეწერა და გადმოგვეცა ამ ხეობაში არსებული ამა თუ იმ კონკრეტული ძეგლის აღწერილობა რამოდენიმე ჭრილში(ისტორია, არქიტექტურა)
    იმისათვის, რომ უკეთესად წარმოგვეჩინა ჩვენი საკვლევი ობიექტები, ნაშრომი დავყავით 6 თავად, ხოლო აქედან მე-3 თავი ცალკე ქვეთავებად.
    პირველ თავში განვიხილეთ და შევაჯერეთ ის მკვლევარები და მოგზაურები ვისაც კი რაიმე წვლილი შეუტანია ფოცხოვის ხეობის შესწავლის საქმეში. მეორე თავში საკმაოდ დაწვრილებით არის აღწერილი მთლიანად ფოცხოვის ხეობის ფიზიკურ-გეოგრაფიული მხარე. ამასთანავე შევეცადეთ შეგვესწორებინა ის უზუსტობანი, რაც ვახუშტი ბატონიშვილის აქვს დაფიქსირებული ამ ხეობის გეოგრაფიული აღწერისას. 
    მომდევნო მე-3 თავი უკვე ნაშრომის ძირითად ნაწილს მოიცავს, სადაც განხილულია და აღწერილია ის მნიშვნელოვანი ციხეები და ტაძრები, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარეობდა. 
    შემდგომ უკვე მას მოყვება მე-4 თავი, სადაც საუბარია ფოცხოვის ხეობაში არსებულ ისტორიულ გზებზე, მათ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და როლზე აღნიშნული ხეობისათვის.
    ბოლო მე-5 და მე-6 თავები უფრო აღწერილობითი ხასიათისაა. მე-5 თავში აღწერილია და ჩამოთვლილია იმ სოფლების სია, რომლებიც ,,გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის,, მიხედვით ამ ხეობაში იყო დაფიქსირებული. რაც შეეხება მე-6 თავს აქაც შეტანილია და აღწერილია ის ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც ოდესღაც, იქ არსებული ძეგლებიდან და სოფლებიდან არის წამოღებული.
    ნაშრომს ბოლოში თან ერთვის ამ ეპიგრაფიკული ძეგლების სურათები. გარდა ამისა რამოდენიმე სურათი და ნახაზი ერთ-ერთ- ეკლესიისა.

 ძეგლები ფოცხოვის ხეობაში

    ფოცხოვის ხეობაში, თავისი ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, მრავლად იყო ისტორიული ძეგლები, რომლებიც ძირითადად ციხეებისა და ეკლესიების სახით იყო(არის) წარმოდგენილი. ამათგან დღესდღეობით, თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე ციხეს, თითქმის სუყველა ძეგლი განადგურებულია ან დარჩენილია მცირე ნანგრევების სახით. აქ თითქმის ყველა სოფელში ან სოფლის განაპირას მცირე ზომის ერთნავიანი, დარბაზული ტიპის ეკლესია იდგა. ეს ეკლესიები შუა საუკუნეებში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში წურწყაბის ეპარქიაში შედიოდა და წუწრწყაბელი განაგებდა. თვით წურწყაბის ეკლესია სოფელ წურწყაბში იდგა და ალის ეკლესიასთან ერთად ფოცხოვის ხეობის, ამასთანავე წურწყაბის ეპარქიის უდიდეს და მნიშვნელოვან ტაძარს წარმოადგენდა.
    საფორთიფიკაციო ნაგებობიდან სამი ციხე არის გამოსარჩევი. ესენია: ჯაყის და ჭანჭახის ციხე ჯაყისწყლის ხეობაში და ყველის ციხე ფოცხოვის წყლის სათავეებში. ამათგან ამჟამად ყველაზე უკეთ ჯაყის და ჭანჭახის ციხე არის შემორჩენილი, ხოლო ყველის ციხე თითქმის სრულიად განადგურებულია. ჩვენ ქვემოთ შემოგთავაზებთ ფოცხოვის ხეობაში ამჟამად შემორჩენილი ძეგლების უფრო დაწვრილებით აღწერას.
    


1. ალის მონასტერი

    ალის ეკლესია ფოცხოვის ხეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტაძარს წარმოადგენდა. იგი მდებარეობდა სოფელ ალში(Aლ), სოფლის განაპირას, მის დასავლეთ მხარეს. ეს სოფელი დაბა ფოსოვის(დიგური, დიღვირი) სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდ. ფოცხოვის მარჯვენა მხარეს, ფოსოვიდან დაახლოებით 5 კმ-ში მდებარეობს. მას სამხრეთიდან მთა ილგარის(2912მ) ტყით შეფენილი ჩრდილოეთი ფერდი აკრავს. ისტორიულად იგი სამცხის ტერიტორიის ფარგლებში შედიოდა და 1595 წელს შედგენილი ,,გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” მიხედვით ფოცხოვიც ლივის, ჩრდილის ნაჰიÁეში აღწერილ სოფლებში იყო მოხსენიებული. აქ სოფელი ალი საკმაოდ დიდ სოფლად იხსენიება – მასში 29 კომლია აღრიცხული.(დიდი დავთარი გვ. 458)
ცნობები ალის ეკლესიის შესახებ ისტორიულ წყაროებში ძალზედ მწირია და თითქმის არსად არ გვხვდება. ყველაზე უადრესი წყარო, სადაც ალის მონასტერი იხსენიება, ეს არის XIII-XVI სს-ში ალის წმ. გიორგისადმი შეწირული აღაპებისა და შეწირულობების ხელნაწერთა კრებული, რომელიც ქრ. შარაშიძემ საფუძვლიანად შეისწავლა და გამოიკვლია.(ქრ. შარაშიძე) აქ მოხსენიებული არიან ჯაყელ-ბოცოსძეთა საგვარეულოს ცნობილი წევრები და ისტორიული პირები. კიდევ ერთი ისტორიული ცნობა, სადაც სოფელი ალი იხსენიება, ეს არის ოსმალების მიერ შედგენილი ,,გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი”.(დავთარი. გვ. 316.) აქვე ნახსენები არის ,,მიწა გიორგისა”, რომელიც ვინმე ზაყიმ ალახასის მფლობელობაშია და იხდის დავთრის მიერ დაკისრებულ გადასახადს – გამოსაღებსა და ბეჰრეს. გ. ტივაძის მიხედვით(ტივაძე. გვ135) ბეჰრე წარმოადგენს მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის ერთ-ერთ სახეს, სადაც საიჯარო გადასახადი განსაზღვრულია მოსავლის სიდიდეზე და რაოდენობაზე. ჩვენი აზრით ეს ,,მიწა გიორგისა”, რომელიც აღნიშნულ პერიოდში(XVI საუკუნის ბოლო) ზაყიმ ალახასის დროებით მფლობელობაშია, ეკუთვნის ალის მონასტერს, რომელიც წმ. გიორგის სახელობისა იყო. აქედან ისიც ირკვევა, რომ აქ ყოფილა მონასტერი, რომელსაც საკუთარი მიწები გააჩნდა.
ძირითადი ცნობები ალის ეკლესიის შესახებ ეკუთვნით რუს და ქართველ მოგზაურებსა და არქეოლოგებს, რომლებმაც ფოცხოვის ხეობაში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში იმოგზაურეს და იქ არსებული, იმჟამად შემორჩენილი ისტორიული ძეგლები აღწერეს. ესენი იყვნენ: დიმიტრი ბაქრაძე, გიორგი ყაზბეგი, კ. სადოვსკი, ივ. გვარამაძე, პრასკოვია უვაროვა, ვ. დევიცკი, ალექსანდრე ფრონელი, ექვთიმე თაყაიშვილი. მათი ცნობები ძირითადად ზედაპირულია და აღწერილობით ხასიათს ატარებს. ყველაზე მეტ აღწერილობით ინფორმაციას ალის ეკლესიის შესახებ რუსი ქალის, ეკატერინა პრასკოვია უვაროვას მოგზაურობის დროს ჩაწერილ მის დღიურებიდან ვგებულობთ, რომელმაც ფოცხოვის ხეობაში XIX საუკუნის 90-იან წლებში იმოგზაურა.  ხელოვნების ეს ძეგლი, მისი მეტად საინტერესო გეგმითა და არქიტექტურული დეტალებით პ. უვაროვას მთელ ფოცხოვის ხეობაში საუკეთესოდ მიაჩნია.(უვაროვა)
მანამდე 1874 წელს აქ იმოგზაურა დ. ბაქრაძემ. იგი იხსენიებს ალის ტაძარს, რომელიც იმ პერიოდისთვის ჯერ კიდევ მთლიანად ყოფილა შემონახული. მაგრამ დიმიტრი ბაქრაძის დროს ჯერ კიდევ ხელუხლებლად დაცული ნაგებობა, დაახლოებით 15 წლის მერე პ. უვაროვას მეტად შელახული და მისი სიტყვით გაფუჭებული უნახავს. ტაძარს მთლად შემოძარცვული ჰქონია გარეთა და შიგნითა მოპირკეთება. მისი თქმით ერთი მაგარი წვიმა ან გრიგალი საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ ამ ოდესღაც დიდებული შენობისგან აღარაფერი დარჩენილიყო.(უვაროვა. მაკ. გვ97) ტაძარს მთლად ჩამოკაფული და შერყეული ჰქონია სვეტები, რომლებსაც გუმბათი ემყარებოდა. უვაროვა ძეგლის განადგურების მიზეზსაც აღნიშნავს: სოფ. ალში არა თუ მაჰმადიანთა სამლოცველო ჯამეს კედლები და სასაფლაოს ძეგლები, არამედ ყოველი შენობის საკვამლე მილები და ყოველი ეზოს გალავანიც კი ალის გაძარცული ეკლესიის სუფთად თლილი ქვებით ყოფილა აგებული.(უვაროვა მაკ. გვ.97) ამას ივანე გვარამაძე – ვინმე მესხიც გვიდასტურებს, რომლის აღწერილობაც უვაროვას აღწერილობას 10 წლით წინ უსწრებს: ,,...რომელთ კედლის ქვები შეუძვრიათ ეკლესიისავით, ზოგით სოფელში თავიანთი სალოცავი აუშენებიათ, ზოგი მთელი სოფლის სახლებში უზიდიათ; მოუხმარებიათ სიბებად, ბუხრისთვის ამყოლი კარისთვის და სახლების ცოკოლებად; რადგან ფიცრული სახლები აქვთ. უმრავლესი ნაწილი სასაფლაოს ქვებად უხმარიათ და ხიდები აუშენებიათ!” 
ამჟამად ალის ტაძრისაგან თითქმის აღარაფერია შემორჩენილი. ერთადერთი რაც შემორჩა ამ ტაძრიდან, გახლავთ მრგვალი, მიწაში ჩაფლული, უბრალო ფორმის 2 ქვა, რომელზედაც ალბათ გუმბათქვეშა სვეტები იყო დაყრდნობილი. თუ როდის განადგურდა საბოლოოდ ალის ეკლესია ჩვენთვის ზუსტად ცნობილი არ არის. ერთი კი ცხადია, რომ XX საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ სრული სახით იყო შემორჩენილი – თუმცა უკვე საკმაოდ დაზიანებული და შებღალული. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მისი სრული განადგურება მოხდებოდა მას შემდეგ, როდესაც 1921 წლის 13 ოქტომბერს, ქ. ყარსში, თურქეთსა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულების ძალით უკვე საბოლოოდ გადავიდა ეს ტერიტორია თურქეთის ხელისუფლების გამგებლობაში. 
ზემოთ ჩამოთვლილ მოგზაურთა ჩანაწერებიდან და აღწერილობებიდან ამოკრეფილ ცნობებზე დაყრდნობით, ჩვენ შევეცდებით სრული სახით წარმოვადგინოთ და ავღწეროთ ალის ტაძრის არქიტექტურული სტილი და მისი თავისებურებანი. 
აქ რომ მონასტერი იყო ამის დამამტკიცებელი საბუთები ზემოთ უკვე მოვიყვანეთ და ამაზე მეტს აღარ შევჩერდებით. სამონასტრო კომპლექსი თავისთავად გულისხმობს კომპლექსში მთავარი, დომონანტი ნაგებობის გარდა სხვა, შედარებით მცირე ნაგებობების არსებობასაც(მცირე ეკლესიები, ეგვტერები, ბერთა სენაკები, სემინარია, სატრაპეზო, სამრეკლო და ასე შემდეგ). მოგზაურთა შორის, ალის მონასტერში მთავარი ტაძრის გარდა სხვა დამატებით ნაგებობებს, მხოლოდ ორი – პრასკოვია უვაროვა და ივანე გვარამაძე აფიქსირებს. დანარჩენთა აღწერილობებში მათ შესახებ არანაირ ცნობას არ ვხვდებით. ამას შეიძლება რამოდენიმე მიზეზი ჰქონოდა: ერთი ის, რომ ამ მცირე ნაგებობებს უბრალოდ ყურადღება არ მიაქციეს, და მეორე ის, რომ მათი იქ მისვლის დროს ეს ნაგებობები ალბათ უკვე სრულიად განადგურებული იყო. 
დავუბრუნდეთ ისევ უვაროვას და გვარამაძის აღწერილობებს. ივ. გვარამაძე, რომელმაც ალის მონასტერი პ. უვაროვაზე დაახლოებით 10 წლით ადრე ინახულა, ესეთ სურათს გვთავაზობს: ,,...(ეკლესიას) სამრეკლო დასავლეთით ჰქონია. სამრეკლოს გუმბათი ერთიანი თითო მხარის უგრძესი ნაჭრელები ქვებით შეყრილა! ...ეკლესიის გალავანში ყოფილა ერთი მცირე ეკლესია ორად გაყოფილი და ორიოდეც ეკვდერები თავ-ბოლოს, რომელთ კედლის ქვები შეუძვრიათ ეკლესიისავით”.(ივ. გვარამაძე 1881) აქედან ჩანს, რომ ჯერ კიდევ 1881 წელს, როდესაც ივ. გვარამაძემ ფოცხოვის ხეობაში იმოგზაურა, აქ მთავარი ტაძრის გარდა, მდგარა გუმბათიანი სამრეკლო, ორი ეკვდერი და ერთი მცირე ეკლესია, რომელთაც იმ დროისთვის უკვე პერანგის ქვები ჰქონიათ შემოცლილი. მცირე ეკლესიას ივ. გვარამაძე ორად გაყოფილს აღწერს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მას მხედველობაში აქვს ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია მცირე მინაშენით.  ეგვტერები, ივ. გვარამაძის თქმით ყოფილა ,,თავ-ბოლოს”, მაგრამ ზუსტად რის თავ-ბოლოს და სად იდგა ეს ეკვდერები ჩანაწერიდან არ ირკვევა. სამრეკლო გუმბათიანი ყოფილა და მთავარი ტაძრის დასავლეთით მდგარა. გარდა ამისა მონასტერს გარშემო გალავანი ჰქონია, რომელსაც ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, ივ. გვარამაძის თქმით, კარი ჰქონია დატანებული. ,,ამ მონასტრის ჩრდილო-დასავლეთით გალავნის კართან...”.(ივ. გვარამაძე) 
ათი წლის შემდეგ პრასკოვია უვაროვა ამ ყველაფერს მცირედ განსხვავებულად აღწერს. მის დროს სამრეკლო უკვე დანგრეულია, მაგრამ იგი ივ. გვარამაძისგან განსხვავებით სამრეკლოს ნაშთს მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით აფიქსირებს. ,,...ტაძრიდან აღმოსავლეთით ვპოულობთ წრიული ნაგებობის კვალს – ალბათ ეს სამრეკლოს ნანგრევია. ამ ვარაუდს ამტკიცებს ის, რომ რამოდენიმე წლის უკან ამ ნანგრევის ახლოს ზარს მიაკვლიეს.”(უვაროვა. მაკ გვ.102) ივ. გვარამაძეს ზართან ერთად მონასტრის სხვა ნივთებიც აქვს დასახელებული, მაგრამ მათი ადგილსამყოფელი სხვაგან – გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კართან აქვს მითითებული. ,, ამ მონასტრის ჩრდილო-დასავლეთით გალავნის კართან დამდგარა აქაური მამისაგან განდევნილი ვიღაც გავლილი წლებში, ისევ ოსმალოთ დროს და სახლის საძირკვლის მოთხრის დროს უპოვია ზარი და ეკლესიის საუნჯე, ოქრომკერდის შესამოსები, ბარძიმ-ფეშხუმი მთლად ხუცურად ნაწერი და ოქროთი მოლიპული. აგრეთვე ვერცხლის ემბაზი, ტაშტები, ჯვრები და მისთანა სიმდიდრენი! ეს ჩვენებურებს შეუტყვიათ, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევიათ. მათ არტანის ოქრო-მჭედლებისთვის მიუყიდნიათ ოხერ ფასად. მხოლოდ ზარი კი ბ. გ. აზნაუროვმა იყიდა ახალციხის წ. ჯვრის ეკლესიისათვის. იმით არის შესანიშნავი ეს ზარი, რომ ათაბაგების სახსოვრად შეწირულია ამ ალის ეკლესიისათვის, როგორც თბილისის აკლების ნაშოვარი!”(გვარამაძე 1881) გაურკვეველია, თუ როდის და რომელი ათაბაგის დროს მოხდა თბილისის აკლება და იქიდან ამ ზარის წამოღება. ისიც გასარკვევია ახალციხის რომელ ეკლესიას გულისხმობს ივ. გვარამაძე წ. ჯვრის ეკლესიაში. ათაბაგის მიერ თბილისიდან წამოღებული ზარის ალის მონასტრისადმი შეწირვით  კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ალის მონასტერი ადრიდანვე ჯერ ჯაყელების, ხოლო შემდგომ უკვე ათაბეგების საგვარეულო მონასტერი იყო. 
ისევ უვაროვას ჩანაწერებიდან: ,,ტაძრის სამხრეთით შეიმჩნევა ორი პატარა ეკლესია – მსგავსნი ზარმსკის ეკლესიისა. საუბედუროდ მათ ამჟამად მოპირკეთება შემოცლილი აქვთ”(უვაროვა გვ.102 მაკ) შეიძლება ვიფიქროთ, რომ ივ. გვარამაძის მიერ აღნიშნული ის ორი ეკვდერი და უვაროვას ორი პატარა – ზარმსკის(?) მსგავსი ეკლესია ერთი და იგივეა. თუმცა ამის გადაჭრით მტკიცება შეუძლებელია, თუნდაც იმის გამო, რომ მათი ლოკალიზაცია მონასტრის ეზოში ერთმანეთს არ ემთხვევა – გვარამაძე მათ თავში და ბოლოში ათავსებს(ალბათ მთავარი ტაძრის), ხოლო უვაროვა მთავარი ტაძრის სამხრეთით. გაურკვეველია, რომელია  უვაროვას მიერ მოხსენიებული ზარმსკის ეკლესია, რომელსაც იგი აღნიშნულ ორ პატარა ეკლესიას ადარებს.
რაც შეეხება წმ. გიორგის სახელობის ტაძარს, იგი ალის მონასტრის მთავარ ნაგებობას წარმოადგენდა. ტაძრის მიახლოებით ზომაზე შთაბეჭდილება შეგვექმნება, თუ ივ. გვარამაძის ჩანაწერებიდან ერთ ცნობას მოვიყვანთ: ,,ეკლესია საფარის ეკლესიის პლანზედ ყოფილა ნაკეთები, მხოლოდ მომცროა, ჭულების ეკლესიის ოდენია”.(ივ. გვარ. 1881) თუ ივ. გვარამაძის ამ ცნობას დავეთანხმებით, ალის ტაძარი საკმაოდ მოზრდილი ნაგებობა ყოფილა. სხვა ავტორებთან ტაძრის ზომაზე არანაირ ინფორმაციას არ ვხვდებით.  
ალის ეკლესია, პ. უვაროვას მიერ გაკეთებულ ნახაზის მიხედვით, წარმოადგენდა სწორკუთხა კვადრატში ჩაწერილ ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას, რომელიც ნაშენები ყოფილა ღია-ნაცრისფერი ქვის გათლილი კვადრებით. ზოგ ადგილას მოსაპირკეთებელ ქვებს შორის მრავლად ყოფილა წითელი ფერის ქვებიც. მას სამხრეთიდან და დასავლეთიდან, უვაროვას თქმით, მძლავრი კარიბჭეები ჰქონია მიშენებული.(უვაროვა გვ. 100.მაკ).  დასავლეთის კარიბჭე თითქმის სრული სახით იყო იყო შემორჩენილი, ხოლო სამხრეთისა იმ დროს უკვე განადგურებული ყოფილა. ამიტომაც უვაროვას ტაძრის გეგმის ნახაზზე სამხრეთ კარიბჭის გეგმა აღარ დაუტანია(ნახ). ეს კარიბჭეები შედარებით გვიან ყოფილა მიშენებული – მათი სახურავის კიდეები ფარავდნენ ტაძრის სარკმლებს. ისინი გაშენებული ყოფილა იმავე მასალით, რა მასალითაც მთავარი ტაძარი, მხოლოდ მათი კედლები შედარებით ვიწრო ყოფილა. დასავლეთის(შემორჩენილი) კარიბჭე უვაროვას აღწერით სამი მხრიდან – ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დსავლეთიდან გახსნილ ნაგებობას წარმოადგენდა, რომელსაც სამივე მხარეს სამნაწილიანი თაღები ამშვენებდა.(უვაროვა გვ. 100.მაკ). მაგრამ თუ კვლავ გეგმას დავაკვირდებით, აქ კარიბჭე მხოლოდ დასავლეთის მხრიდან არის გახსნილი. 
კარებები ტაძარს, როგორც ავღნიშნეთ, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ჰქონია გაჭრილი – გეგმის ნახაზიც ამას გვიდასტურებს.(ნახ1) ვ. დევიცკი, რომელმაც ეს ტაძარი XX ს-ის დასაწყისში(დაახ. 1904-05 წწ-ში) ნახა და აღწერა, ორ კარებს ახსენებს – ჩრდილოეთისას და სამხრეთისას. ეს უკანასკნელი გაცილებით კარგად ყოფილა შემონახული. (ვ. დევიცკი გვ. 243) ვ. დევიცკიმ ჩრდილოეთ ფასადზე არსებული გამონანგრევი, რატომღაც მანამდე არსებული ,,შესასვლელის” დაზიანებულ სიცარიელედ ჩათვალა. ჩვენი აზრით, დევიცკის მიერ ამ გამონანგრევის ,,შესასვლელად” ჩათვლა მცირედ საეჭვოა. თუ ტაძარს მართლა ჰქონდა ჩრდილოეთიდან შესასვლელი, ამას პ. უვაროვა თავის აღწერილობებში და ნახაზებშიც აუცილებლად დააფიქსირებდა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩრდილოეთის კედელში გაჩენილი ეს სიცარიელე, ადგილობრივი მუსულმანი მაცხოვრებლების მიერ ეკლესიიდან ჩამოხსნილი ქვების შედეგად დაზიანებული კედლის ფრაგმენტი შეიძლებოდა ყოფილიყო. რაც შეეხება დასავლეთ კარს, რომელიც ალბათ ტაძრის მთავარ შესასვლელს წარმოადგენდა, ვ. დევიცკი მასზე საერთოდ არაფერს არ ამბობს. ამის მიზეზი შეიძლება ის  ყოფილიყო, რომ ალბათ იმ დროს უკვე მას ეს  შესასვლელი ამოქოლილი დახვდა, თუმცა ამის გადაჭრით მტკიცებაც ძნელია. 
სარკმლები ფასადებზე ესეთი განლაგებით იყო წარმოდგენილი: სამი სარკმელი აღმოსავლეთ ფასადზე, რომელთაგან შუა, საკურთხევლის სარკმლის თაღზე სამი ჯვარი ყოფილა გამოსახული, ხოლო სარკმლის გვერდებზე, პ. უვაროვას თქმით, ირემისა და გრიფონის რელიეფური გამოსახულებები,(მაკ. უვაროვა. გვ.100) ერთი სარკმელი სამხრეთ ფასადზე, სამი სარკმელი დასავლეთ ფასადზე და ერთი წრიული სარკმელიც ჩრდილოეთ ფასადზე. ვ. დევიცკი სარკმლებს მხოლოდ ტაძრის გუმბათზე  აღნიშნავს.(დევიცკი გვ. 243)
    ტაძრის მკლავები ორფერდა ქვის სახურავით ყოფილა გადახურული, რომელთა გადაკვეთაზეც გუმბათი ყოფილა აღმართული. გუმბათის ყელს სრულიად გლუვი კედლები ჰქონდა და მასზე ოთხი სარკმელი ყოფილა განლაგებული, რომლებსაც გარშემო თოკისებრი ორნამენტი შემოუყვებოდა. საკმლებს შორის ყრუ სარკმლები იყო დატანებული, რომლებიც ორი გლუვი არშიით იყო მორთული.  გუმბათზე, რომელსაც ზედ წამომართული ჯვარი ამშვენებდა, უვაროვას თქმით საინტერესო წვრილმანი შეიმჩნეოდა – ის თვითონ მცირედ გაბერილი ყოფილა. (მაკ. უვაროვა. გვ.98-99) 
კ. სადოვსკის თქმით, რომელმაც ეს ტაძარი XIX საუკუნის 80-იან წლებში ინახულა, იმ დროისთვის ტაძარს ჯერ კიდევ სრულად ჰქონია შემორჩენილი პერანგის ქვები. ამასთანავე მას  აგურის გუმბათი ჰქონია და ასფალტით(?) ყოფილა დაფარული.(სადოვსკი გვ.8) საინტერესოა, რომ ზუსტად იმავე პერიოდში ივ. გვარამაძე, ტაძარს და ამასთანავე გუმბათსაც აღწერს როგორც ერთიან გაშიშვლებულს და გატყავებულს, და არანაირ აგურის გუმბათზე არ ლაპარაკობს: ,, შიგნით თუ გარეთ, როგორც ბალს ქერქი შეაძრო ერთიან და გააშიშვლო, ისრე გაუშიშვლებიათ, ვიდრე შუა ეკლესიის კოკოლა გვირგვინიც კი შიგნით გარეთ ერთიან აუტყავებიათ, მშვენიერი სანათურები ყვავილიანი ჩუქურთმებით დაუშლიათ და დაუკონკიათ. მთელი შენობა თითქმის მხოლოდ შუაგულ კირის ამარას დგას, ვიდრე სვეტებიც ამ ყოფაში არიან.”(ივ. გვარამაძე 1881) 
     ტაძრის ინტერიერი წარმოადგენდა კვადრატულ სივრცეს, რომელიც აღმოსავლეთით სამი აფსიდით – საკურთხევლისა და პასტოფორიუმების(სამკვეთლო, სადიაკვნე) აფსიდებით მთავრდებოდა. შუაში ორი ჯვრისებრი მძლავრი ბურჯი იდგა. სწორედ ამ ბურჯებსა და საკურთხევლის კედლის შვერილებზე იყო გუმბათი დაყრდნობილი. კედლიდან გამოშვერილ პილასტრებსა და გუმბათქვეშა ბურჯებზე გადადიოდა თაღები, რომლებიც ცენტრალურ სივრცეს გვერდითი ნავების სივრცისაგან მიჯნავდა. უვაროვას თქმით, გვერდითი ნავების ზემოთ შეიმჩნეოდა სამალავები, რომლებშიც მათ შესასვლელის პოვნა ვერ შეძლეს. საკურთხეველი სრულიად განადგურებული ყოფილა, ხოლო ამბიონის შემაღლება ძლიერ დაზიანებული სახით ყოფილა შემორჩენილი.(უვაროვა, მაკ გვ. 99-100) 
    ინტერიერის მოხატულობას პ.უვაროვა ესე აღწერს: ,, უცნაურ შთაბეჭდილებას ქმნის შემონახული მხატვრობა: ქვემო ფენას გააჩნია შუა საუკუნეების ისეთი დასავლური ხასიათი, რომ უნებურად ჩერდები ვიწრო, გრძელი ფეხებისა და შუა საუკუნეების სამეფო მოსასხამის წინ, რომელიც ვარდისფერია და თეთრადაა მორთული. მეორე ფენა – ახალგაზრდა წმინდანი სარკმელთან დასავლეთ მწკრივში და მეომარი დასავლეთ პილასტრზე – ძალიან ჰგავს ფრესკებს, ჩამოტანილს სებასტიანის მიერ ათონის მთიდან. ორივე ფენის გამყოფ არშიას წარმოადგენს ცნობილი შახმატისებური ნახატი წითელი და თეთრი ფერებით.” .(უვაროვა, მაკ გვ.100) აქ რომ მოხატულობის ორი ფენა იყო, ამას ვ. დევიცკიც გვიდასტურებს: ,,...მოხატულობა ორჯერ არის გადახატული. შედარებით ახალი, აქერცლილი მობათქაშების ჩანს ადრინდელი გამოსახულებები წმინდანებისა.” .(დევიცკი გვ. 243) კ. სადოვსკი და ივ. გვარამაძე, რომლებმაც თითქმის ერთ პერიოდში(XIX ს-ის 80-იანი წლების დასაწყისი) მოინახულეს ალის ტაძარი, ინტერიერის მოხატულობის შესახებ მეტად მწირ და განსხვავებულ ცნობებს გვაწვდიან. ივ. გვარამაძეს შემურვილი ფრესკებისაგან ვერაფერი გაურჩევია: ,,...ეს მშვენიერად ნახატი ეკლესია ჯერ შეშით გამოუმსებინებიათ მცხოვრებთათვის და მერე მიუციათ ცეცხლი ერთიან დასაწვავად, გარნა ვერ დაუწვიათ თავიანთ ნებიერად; მთელი გვირგვინის კედლის ნახატები შემჭვარტლულია ძლიერის ცეცხლითა, სჩანს ალაგ-ალაგ ნახატები წმიდათა, ათაბეგებისა ნაწერები, მაგრამ აღარ ირჩევა ალის შემურვილებისაგან!”(ივ. გვარამაძე. 1881) 3-4 წლის მერე აქ მოსული კ. სადოვსკი თავის ჩანაწერებში კედლის მხატვრობაზე კონკრეტულად არაფერს ამბობს. მხოლოდ გუმბათის მხატვრობას გამოარჩევს, სადაც ლურჯ ფონში თეთრი ვარსკვლავები იყო გამოსახული.(კ.სადოვსკი გვ.8) საინტერესოა ის ფაქტი, რომ ივ. გვარამაძე, რომელიც ფრესკებს მჭვარტლის და მურის გამო ვერ არჩევს, 3-4 წლის მერე კ. სადოვსკი ფრესკების გამურვაზე საერთოდ არაფერს არ ამბობს. უფრო მეტიც – იგი გუმბათის მოხატულობასაც გამოარჩევს. 
    თუ როდის მოხდა ალის ეკლესიის პირველად ან მეორედ მოხატვა ჩვენთვის უცნობია. ისტორიულ წყაროებში მისი მოხატვის ან მომხატველის შესახებ ცნობა არსად არ გვხვდება.
    ჩვენს ხელთ არსებულ და მოძიებულ მასალებში, ალის მონასტრის, წმ. გიორგის სახელობის მთავარი ტაძრის აშენების ზუსტი თარიღი არ ფიქსირდება. ერთადერთი ცნობა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მიახლოებითი დათარიღება ალის ტაძრის აგებისა, ეს არის წარწერიანი ქვა, რომელიც ალის მონასტრის ერთ-ერთ ეკვდერზე იყო მოთავსებული. ეს ქვა თბილისში ჩამოტანილია და ჩაბარებულია საეკლესიო მუზეუმში 1899წ. -  ფოცხოვის უბნის უფროსის მიხეილ ხერხეულიძის მიერ, რომელიც 1930 წელს იგი გადმოეცა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს საეკლესიო მუზეუმის ქონებასთან ერთად. (ა. ბაქრაძე. ბოლქ. გვ. 20)
წარწერას ე. თაყაიშვილი ესე კითხულობს: 
,, სახელითა ღ[მრთისათა] აღვაშე[ნეთ ეგუტერი ესე მე ასან და[ფა]რსმან სამარხავად ჩუენთÂის, შვილისა [ჩუენთათÂს] ადიდენ ღმერთმან ერისთავთ ერისთავი ბოცოი... [იო]ვანე და ბეშქენ. არა- ვისი წა[რსაგებელი რთავს] და ვერცავინ დაემარხოს უკუნ[ისამდე ჩუენ]ის შვილთაგან კიდე. დიდნი ჭირნი [გვინახავს ამისა] შენებასა შინა. ამინ.,,(ე. თაყ. არხეოლ.. გვ.3) წარწერიდან ნათლად ჩანს, რომ ასანი და ფარსმანი აშენებენ ეგუტერს, რომელიც მათი და მათი შვილების სამარხავად არის განკუთვნილი. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ორი პიროვნება ჯაყელთა შტოს წარმომადგენლები არიან. ის, რომ ალის ტაძრის აღნიშნული ეკვდერი ჯაყელთა საგვარეულო სამარხს წარმოადგენდა, ამის დადასტურებას სხვა ისტორიულ წყაროშიც ვხვდებით. ალის წმ. გიორგის სახელობის ტაძრისადმი შეწირულ ერთ-ერთ საბუთში, რომლის ავტორები ჯაყელთა შტოს ოთხი წარმომადგენელი – ბოცო, თუღლი, შალვა და ალიჩაყი არიან, ვკითხულობთ: ,,...რაიც ბაჟი [აიღებო]დეს [თეთრითა ცუილს] | | იყიდდენ და კელაპტარს და ეგუტერს ჩუენთა საფლ[ავთა] ზედა და[ა]ნთებდენ’’(ქრ. შარაშიძე. გვ. 32) ამ ოთხი პიროვნების მოღვაწეობის პერიოდი გაურკვეველია – ყოველ შემთხვევაში ეს ამ შეწირულობის ტექსტიდან არ ჩანს. 
დავიბრუნდეთ ისევ ალის ეგვტერის წარწერას. ე. თაყაიშვილი წარწერაში მოხსენიებულ ბოცო, იოვანე და ბეშქენს XI ს-ის სამცხის ძველ მმართველ ჯაყელებად მიიჩნევდა. მისი აზრით, ბეშქენ ჯაყელი იყო თუხარისის ერისთავი, ბოცო ჯაყელი მარზპანი, ხოლო იოვანე იხსენიებოდა გიორგი II-ის დროს, მაგრამ მას ბაგრატ IV-ის დროსაც უნდა ეცხოვრა.(ე. თაყ. არხეოლ.. გვ.3-4)
  ალის წარწერას შეეხო ა. ბაქრაძე თავის სადისერტაციო ნაშრომში ,,ქართული ეპიგრაფიკა, როგორც ისტორიული წყარო(V-XIIსს).” ა. ბაქრაძე ეთანხმება ე. თაყაიშვილს, რომ წარწერაში მოხსენიებული პირები უნდა იყვნენ XI ს-ის სამცხის მოღვაწენი – ბეშქენ თუხარისის ერისთავი და ბოცო მარზპანი, რაც იგივე ერისთავია. იოვანე კი ნარატიულ წყაროებში არ არის ცნობილი. მისი აზრით, ამ შემთხვევაში ეგვტერთა მაშენებლები იხსენიებდნენ ჯაყელთა საგვარეულოს წევრებს, როგორც ამ მხარის უშუალო მმართველებს. მათი თანმიმდევრობით დასახელება მაჩვენებელი უნდა იყოს იმისა, რომ ეს პირები უფროს-უმცროსობის წესით არიან მოხსენიებულნი. ორი უკანასკნელი შეიძლება შვილები იყვნენ ერისთავ ბოცოსი.
პირველად სახელი ბოცო გვხვდება XIს-ში აწყურში ლიპარიტ ერისთავის შეკვეთით გადაწერილ იოანეს სახარების თარგმანის ანდერძში: ,,დაიწერა წმინდაÁ ესე წიგნი დიდებულსა საყდარსა აწყურისასა, საყოფელსა წმიდისა ღ˜თისმშობლისასა, Ãელითა საპყრისა ჩემისა Gგაბრიელ მწერლისა კოტაÁსაÁთა, მღვდელთმოძღურებასა არსენიც ებისკოპოზისასა, ბოცოÁსა მარზპანისა ჯაყელისა ძისასა. ქორონიკონი იყო სÁიგ(482)”, ე.ი 1053 წელი. ამ მინაწერის მიხედვით, ბოცო მარზპანი XI ს-ის პირველი ნახევრის მოღვაწედ უნდა მივიჩნიოთ, ვინაიდან 1053წ. მისი ძე არსენი უკვე აწყურის ეპისკოპოსი ყოფილა. ,,მატიანე ქართლისაის” ცნობით, 1046 წელს ბაგრატ IV-სა და ლიპარიტს შორის მომხდარი ბრძოლის დროს ,,.... გამოიყვანნა მაწყუერელმან მესხნი, განძითა ბაგრატისითა, შუელად მეფისა”, მაგრამ შემდგომ უღალატა მეფეს და მიემხრო ლიპარიტს.(მ.ქ. 1 გვ 300). ხომ არ იყო ეს მაწყვერელი არსენ ეპისკოპოსი ჯაყელი, რომელიც 1053 წელს აწყურის ეპისკოპოსად იხსენიება? მოსაზრებას მხარს უჭერს ის გარემოებაც, რომ აწყურში გადაწერილი სახარება ლიპარიტ ერისთავის ბრძანებით არის შესრულებული. 
განსაკუთრებით ძნელდება ალის წარწერაში მოხსენიებული იოვანეს ვინაობის დადგენა. აღსანიშნავია, რომ წარწერაში იოვანე და ბეშქენი ერისთავებად არ იხსენიებიან. ,,მატიანე ქართლისაი”-Aში ორჯერ გვხვდება ივანე ერისთავი, მაგრამ თხზულების ეს ადგილები ორივეგან ბუნდოვანია. 1046 წელს, ბაგრატ IV-ის მეფობაში, ლიპარიტმა ,,... გამოიტყუვნა ანისით დედოფლისაგან აბუსერი, ერი